LOADING CLOSE
საინვესტიციო გარემო საქართველოში უძრავი ქონების მიმართულებით

საქართველოს უძრავი ქონების სფეროთი დაინტერესება საერთაშორისო ასპარეზზე იზრდება

წლევანდელი ექსპო 2019 როგორც მომხმარებლისთვის ისე – დეველოპერისთვის გამორჩეული და სასარგებლო იქნება. სემინარები, marketer.ge-ს მიერ ორგანიზებული talk-სერიები და ის მნიშვნელოვანი თემები, რომელიც ინვესტორებს, ბინის შეძენის ნებისმიერ მსურველს და დეველოპერ კომპანიას ერთნაირად აღელვებს და დღესდღეობით აქტუალურია: საინვესტიციო გარემო საქართველოში უძრავი ქონების მიმართულებით, საბანკო რეგულაციები, განაშენიანების ახალი გეგმა და ცვლილებები დეველოპერულ ბაზარზე და ა.შ. – სწორედ ეს მოხვდება არეა ექსპო 2019-ის ფოკუსში 2 დღის განმავლობაში.

„თუკი შარშან მთავარი ფოკუსირება მომხმარებელზე, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებზე კეთდებოდა, რაც ერთ სივრცეში მრავალფეროვანი პროდუქტის მწარმოებლისა და შეთავაზებების თავმოყრას ითვალისწინებს, დღეს ვხედავთ და აშკარაა, რომ ღონისძიების მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც, კერძოდ ისინი, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში ინვესტიციით“ – აცხადებს არეა ჯგუფის დირექტორი და დამფუძნებელი თამარ მაშავა.

წლევანდელი ღონისძიების პარტნიორი საერთაშორისო სავაჭრო პალატაა. ICC Georgia-ს შეფასებით ღონისძიება მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს უძრავი ქონების სექტორის განვითარებაში. „საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორების მოზიდვა და დაინტერესება საქართველოს უძრავი ქონების სექტორით ძალიან მნიშვნელოვანია – არეა ექსპო 2019 კი ამ მხრივ არაჩვეულებრივ პოტენციალს ფლობს. ჩვენ უზრუნველყოფთ ინვესტორებისა და დაინტერესებული პირების ინფორმირებას და მოწვევას ჩვენივე წარმომადგენლობების მეშვეობით მეზობელი და რეგიონალური მასშტაბით, მათ შორის აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში და არა მხოლოდ, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის ცნობადობას და საქართველოში უძრავი ქონებით მათ დაინტერესებას“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ღონისძიების კიდევ ერთი პარტნიორია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც გამოფენაზე წარმოადგენს სახელწმიფო ქონების განმკარგავ უწყებას. მათი მონაწილეობის მიზანი სწორედ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი წლების განმავლობაში ამორტიზირებული პასიური უძრავი ქონების კერძო სექტორში გადატანაა, რითაც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას უწყობენ ხელს. „მომხმარებელს, რომელიც მისთვის სასურველი პროდუქტის ან სერვისის მუდმივ ძიებაშია უჩნდება საკმაოდ კარგი შესაძლებლობა ერთ სივრცეში გაეცნოს ბევრ შემოთავაზებას, გაიაროს კონსულტაციები ფინანსურ ინსტიტუტებთან და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება“, აცხადებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი დუგლაძე.

კომპანია ოუშენ კაპიტალი საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს, ეს არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც საქმიანობას მსოფლიო 15 ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს და უკვე 60 წლის ისტორიას ითვლის. კომპანია ძირითადად ნიდერლანდების, ბრიტანეთის, ახლო აღმოსავლეთისა და გერმანიიდან მოზიდული ინვესტიციებით ოპერირებს და საქმიანობას ევროსტანდარტებით ეწევა. აღნიშნული მოდელი რასაკვირველია აქტიური საქართველოსთვისაც და შედეგად მისი პროექტები განსხვავდება უსაფრთხოების განსაკუთრებული სტანდარტებით, ქვაბულის მომზადების მეთოდოლოგიით, რომელიც შენობა ნაგებობის მდგრადობას უზრუნველყოფს, ასევე გარეთ და შიგნით შრომის უსაფრთხოების სტანდარტების განსაკუთრებული დაცვით.

საქართველოში “ოუშენ დეველოპერს” ერთი დასრულებული პროექტი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და სამი მიმდინარე მშენებლობა აქვს, ასევე ვაკის რაიონში. კომპანია პრემიუმ კლასის პროდუქტს ქმნის. წელს არეა ექსპო 2019-ზე პირველად იღებს მონაწილეობას. როგორც ოუშენ კაპიტალის გენერალური დირექტორი თამარ ახალია განმარტავს, გამოფენაზე დასრულებული პროექტით წარსდგებიან და მომხამრებლებს განსაკუთრებულ პირობებს შესთავაზებენ, რასაც ჯერჯერობით სიურპრიზად ტოვებს. მისი აზრით, არეა ექსპო ძალიან საინტერესოა თავისი შინაარსითა და ფორმატით, იძლევა ბაზრის განვითარების შესაძლებლობას და რაც მთავარია, პოტენციურ მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებას. მათი მოლოდინები პოზიტიურია, უფრო მეტიც ზოგადად მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ნაკლებად იღებენ მონაწილეობას, თუმცა ქართველი მომხმარებლისთვის გამონაკლისს უშვებენ და არეა ექსპოზე საინტერესო შეთავაზებებით წარსდგებიან.

შეგახსენებთ, რომ არეა ექსპო 2019 შერატონ გრანდი თბილისი მეტეხი პალასში 4-5 მაისს გაიმართება. ღონისძიება თავს უყრის საქართველოს უძრავი ბაზარზე მოღვაწე დეველოპერებს, რომლებიც სწორედ ამ ორი დღის მანძილზე უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს სპეციალურ ფასებსა და პირობებს შესთავაზებენ.

დაგვირეკე