LOADING CLOSE

„არეა ექსპო 2019“ – უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა თბილისში

რისთვის გჭირდება ბინა? გაიზრდება თუ არა ოჯახის წევრთა რაოდენობა მომავალი 5-10 წლის მანძილზე? რა ტიპის ან გეგმარების ბინა გსურს და სად? დღესდღეობით დეველოპერი კომპანიების გაყიდვების მენეჯერები სწორედ ამ კითხვებს უსვამენ გაყიდვების ოფისებში მისულ მომხმარებელს. თუმცა ბინის ყიდვის მსურველის ერთ-ერთი სირთულე სწორედ მის საჭიროებებზე მორგებული ყველაზე კომფორტული დეველოპერი კომპანიის მოძებნაა.

სწორედ ამიტომ 4-5 მაისს ექსპო-ჯორჯიაში, უკვე მეორედ, უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა „არეა ექსპო 2019“ გაიმართება, რომელიც საქართველოში ყველა წამყვან დეველოპერ კომპანიას ერთ სივრცეში მოუყრის თავს და მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ათეულობით მშენებარე პროექტიდან თავისთვის სასურველი და მოსახერხებელი ბინა ან კომერციული ფართი შეარჩიოს.

უძრავი ქონების პირველი მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა გასულ წელს „არეა ჯგუფის“ ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების ჩატარებას წინ უძღოდა ბაზრის კვლევაც, რომელმაც მსგავსი ტიპის გამოფენის ჩატარების აუცილებლობა გამოკვეთა, რაც მომხმარებელთა აქტივობითაც დადასტურდა.

ღონისძიებამ ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის გამოფენები ქართული ბაზრისთვის იმ ფონზე, როცა ქართული უძრავი ქონებით დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება და ექცევა საერთაშორისო კომპანიების ყურადღების ქვეშ და როცა მშპ-ს 9% სწორედ ამ ბაზარზე მოდის. 

სწორედ ამ საკითხზე კეთდება მთავარი აქცენტი წლევანდელი ექსპოს შემთხვევაშიც. „თუ შარშან მთავარი ფოკუსირება მომხმარებელს, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებზე კეთდებოდა, რაც ერთ სივრცეში მრავალფეროვანი პროდუქტის მწარმოებლისა და შეთავაზებების თავმოყრას ითვალისწინებს, დღეს ვხედავთ და აშკარაა, რომ ღონისძიების მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც, კერძოდ ისინი, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში ინვესტიციით“, – აცხადებს „არეა ჯგუფის“ დამფუძნებელი ნინო ჯინჯოლავა.

ღონისძიების მთავარი პარტნიორია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც გამოფენაზე სახელმწიფო ქონების განმკარგავი უწყებაა. მათი მონაწილეობის მიზანი სწორედ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი, წლების განმავლობაში ამორტიზებული პასიური უძრავი ქონების კერძო სექტორში გადატანაა, რითაც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას უწყობენ ხელს. „მომხმარებელს, რომელიც მისთვის სასურველი პროდუქტის ან სერვისის მუდმივ ძიებაშია, უჩნდება საკმაოდ კარგი შესაძლებლობა, ერთ სივრცეში გაეცნოს ბევრ შემოთავაზებას, გაიაროს კონსულტაციები ფინანსურ ინსტიტუტებთან და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება“, – აცხადებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე.

მსგავსი ტიპის გამოფენები ხშირია საზღვარგარეთ. ამის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი დუბაის ყოველწლიური მასშტაბური უძრავი ქონების გამოფენაა. ღონისძიებაში მთელი მსოფლიოდან 20 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს და გამოფენის განმავლობაში 1200-ზე მეტი უძრავი ქონება იყიდება, საიდანაც შემოსავალი 1 მილიარდს აჭარბებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მასშტაბი, ადგილობრივი ბაზრიდან გამომდინარე, მცირეა, ქართველი მომხმარებლისთვის და დეველოპერული კომპანიებისთვის საინტერესო და საჭიროა მსგავსი საერთაშორისო გამოცდილებისა და დაგროვილი კომპეტენციის გაზიარება.

წლევანდელი „ექსპო 2019“ როგორც მომხმარებლისთვის, ისე დეველოპერისთვის გამორჩეული და სასარგებლო იქნება. სემინარები, marketer.ge-ს მიერ ორგანიზებული talk-სერიები და ის მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც ბინის შეძენის ნებისმიერ მსურველსა და დეველოპერ კომპანიას აღელვებს და დღესდღეობით აქტუალურია: საინვესტიციო გარემო საქართველოში უძრავი ქონების მიმართულებით, საბანკო რეგულაციები, განაშენიანების ახალი გეგმა და ცვლილებები დეველოპერულ ბაზარზე და ა.შ. – სწორედ ეს მოხვდება „არეა ექსპო 2019“-ის ფოკუსში 2 დღის განმავლობაში.